საზოგადოება
სახალხო დღესასწაული „აფხაზეთობა 2010“ გაიმართება

afxazetobaროგორც საქინფორმს აფხაზეთის მედია-ცენტრიდან აცნობეს, ეთნოგრაფიულ მუზეუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული და საგანმანათლებო ღონისძიებები გაიმართება. მათში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, აფხაზეთის ახალგაზრდული კაპელა, ცნობილი ქართველი მომღერლები, აფხაზეთის შემოქმედებითი ჯგუფები და ბავშვთა ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში  აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, მოზარდების ხელნაკეთი ნივთების, ასევე წიგნების გამოფენა გაიმართება; შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში, ჩრდილების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლს „აფხაზეთი - წელიწადის ოთხი დრო“ წარმოადგენს; ეთნოგრაფიული მუზეუმის ამფითეატრში აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრი სპექტაკლის „გამარჯობა, სოხუმო“ ჩვენებას გამართავს. შემდეგ კი მუზეუმში ქართულ-აფხაზური ტრადიციული ქორწილი გაიმართება. სახალხო ზეიმი „აფხაზეთობა 2010“ 16:00 საათზე გალა კონცერტით დასრულდება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მთელი დღის განმავლობაში კუს ტბის ასახვევიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე უფასო ავტობუსები მოემსახურება.