პუბლიკაციები
ნიკიტა მიხალკოვი გაზეთ “ტრუდისგან” მორიგებითი შეთანხმების მიღებას დათანხმდა

nikita-akt-1საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი.
საინფორმაციო შეტყობინება ნ.ს. მიხალკოვის პრესსამსახურისგან - საინფორმაციო სააგენტო საქინფორმს

“2014 წლის 13 მარტს მისი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ ააო “გაზეთ “ტრუდის” რედაქციის” მიმართ სარჩელის მორიგი მოსმენისას ნიკიტა მიხალკოვი ოფიციალურად დათანხმდა გაზეთ “ტრუდის” რედაქციისაგან მორიგებითი შეთანხმების პირობების მიღებას.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 13 მარტს ნ. მიხალკოვის სახელით მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ქ. მოსკოვის ტვერის სასამართლოში შეიტანა სასარჩელო განცხადება პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ მოპასუხის - ააო “გაზეთ “ტრუდის” რედაქციის” მიმართ.

მიმართვის მიზეზი გახდა რედაქციის მიერ გაზეთის ინტერნეტსაიტზე განთავსებული 2013 წლის 20 სექტემბრის და 26 ნოემბრის პუბლიკაციები შპს “ჩელპრომდაიმონდის” შესახებ, რომლებიც შეიცავდა სინამდვილესთან შეუსაბამო და რეპუტაციის შემლახველ ცნობებს ნიკიტა მიხალკოვის შესახებ.

სასამართლო განხილვის მიმდინარეობისას ნ. მიხალკოვის მისამართით შემოვიდა გაზეთ “ტრუდის” რედაქციის წინადადება მხარეთა დავის მორიგებითი შეთანხმებით მოგვარების შესახებ.
ნიკიტა მიხალკოვის მხრიდან მორიგებითი შეთანხმების ხელმოწერის ძირითადი პირობები იყო: გაზეთ “ტრუდის” რედაქციის მიერ თავის სტატიებში სხვა წყაროებიდან შეუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენების, სტატიაში მოტანილი ზოგიერთი ფაქტის ორაზროვნად გადმოცემის დაშვების, შპს “ჩელპრომდაიმონდის” მართვასთან ნიკიტა მიხალკოვის კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტების ხელთ არქონის აღიარება.

მორიგებითი შეთანხმება ხელმოწერილია მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლების მიერ 2014 წლის 13 მარტს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მოსამართლე ე. კომისაროვის თანდასწრებით. მორიგებითი შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერიდან 15 დღის შემდეგ.

შეთანხმებული და ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი მორიგებითი შეთანხმების პირობების შესაბამისად, გაზეთ “ტრუდის” რედაქცია ვალდებულებას იღებს ბოდიში მოიხადოს და გამოაქვეყნოს შეტყობინება ზემოაღნიშნული ძირითადი პირობებით (იხ. დანართი №1). თავის მხრივ, ნიკიტა მიხალკოვი უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნებზე გაზეთ “ტრუდის” რედაქციის მიმართ მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის ნაწილში.

“ამ მორიგებითი შეთანხმების ხელმოწერა ნიშანდობლივი გახდა. დღეს, როდესაც სიცრუისა და დეზინფორმაციის ნაკადები უზარმაზარია, როდესაც ფაქტების ამოტრიალება არაფრად უღირთ და პასუხისმგებლობა ამგვარი ქმედებისთვის ფრიად საეჭვოა, გაზეთ “ტრუდის” რედაქციამ არა მარტო ჩემი მათდამი მიმართვის არსის გაგება, არამედ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, საკუთარი შეცდომების აღიარება შეძლო. ღიად გამოცხადება, რომ სტატიებში გამოყენებული ინფორმაცია შეუმოწმებელია, რომ დაშვებული იყო ფაქტების ორაზროვანი გადმოცემა... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ - ჩვენს დროში ეს პროფესიულ წესიერებას და ადამიანურ სიმამაცეს მოითხოვს. მოხარული ვარ, რომ გაზეთ “ტრუდის” რედაქციამ გაიხსენა ჟურნალისტური ეთიკა და თავისი მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობა. სასურველი იქნებოდა, რომ კონფლიქტის ამგვარად გადაჭრა მასობრივი  ინფორმაციის სხვა საშუალებებისთვის იქცეს საბაბად, რომ გამოქვეყნებული მასალების ხარისხზე დაფიქრდნენ, განსაკუთრებით, როცა ეს კონკრეტული ადამიანების პიროვნებას ეხება”, - განაცხადა ნ. მიხალკოვმა.

დანართი №1. ამონარიდი მორიგებითი შეთანხმებიდან

”სტატიების განთავსებისას სახელწოდებით “ნიკიტა მიხალკოვის ალმასები დაპატიმრებულია” (20.09.2013 წ.) და “ბრილიანტის კონფლიქტი: ნიკიტა მიხალკოვის ფირმა ძვირფასეულობის უკანონო გასაღებაში ამხილეს” (26.11. 2013 წ.), რომლებიც შპს “ჩელპრომდაიმონდის” გარშემო არსებულ სიტუაციას ეხებოდა, განყოფილება “შემთხვევების” რედაქტორმა ინფორმაციის წყაროებად გამოიყენა საინფორმაციო სააგენტოების და ინფორმაციის სხვა საშუალებების მასალები, რომლებიც რედაქციას არ შეუმოწმებია.

კერძოდ, გაავრცელა რა ცნობა, რომ “ნიკიტა მიხალკოვის ფირმა ძვირფასეულობის უკანონო გასაღებაში ამხილეს”, “უშიშროების ფედერალურ სამსახურს მიაჩნია, რომ შპს “ჩელპრომდაიმონდმა”, რომელიც რეჟისორს და მის სიძეს ეკუთვნით, უკანონოდ მიჰყიდა საქონელი უცხოელებს”, რედაქციამ ფაქტების ორაზროვნად გადმოცემა დაუშვა, რამდენადაც უფს-ს პრესრელიზები შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც მხოლოდ შპს “ჩელპრომდაიმონდს” ეხებოდა და არანაირი ცნობები ძვირფასი ქვებით უკანონო ოპერაციებთან ნიკიტა მიხალკოვის კავშირზე ანდა ბრილიანტების სახით საწარმოს პროდუქციის ნაწილის მისდამი კუთვნილებაზე იქ არ ყოფილა.

გაზეთ “ტრუდის” რედაქცია ასევე აღიარებს, რომ როგორც პუბლიკაციის მომენტში, ისე ამჟამად არ გააჩნია ცნობები ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვის როგორც პირად, ისე წარმომადგენლების საშუალებით მონაწილეობაზე შპს “ჩელპრომდაიმონდის” მართვაში, მათ შორის, ქარხნის ხელმძღვანელობის შეცვლაში, რასთან დაკავშირებითაც პუბლიკაციაში “ბრილიანტის კონფლიქტი: ნიკიტა მიხალკოვის ფირმა ძვირფასეულობის უკანონო გასაღებაში ამხილეს” გადმოცემული ფაქტები ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვის და მისი სიძის მიერ 2012 წლის თებერვალში შპს “ჩელპრომდაიმონდში” სტუმრობის, ახალი დირექტორის არჩევაში მონაწილეობის და ქარხნის მენეჯმენტისთვის რაიმე მითითებების მიცემის თაობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება.

გაზეთის რედაქცია აზუსტებს, რომ ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვი არის შპს “ჩელპრომდაიმონდის” საწესდებო კაპიტალის 10-პროცენტიანი წილის მფლობელი 2008 წლის ოქტომბრიდან (და არა 2012 წლის თებერვლიდან, როგორც პუბლიკაციაშია მითითებული), რაც დასტურდება სამოქალაქო საქმის მასალებში დაცული წერილობითი ხელშეკრულებით.

ზემოთქმულთან დაკავშირებით გაზეთის რედაქცია აქვეყნებს ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვის პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებას: “შპს “ჩელპრომდაიმონდის” ირგვლივ შექმნილი სიტცუაციის შესახებ ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან შეიტყო. პირველ რიგში, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ნიკიტა სერგეის ძე შპს “ჩელპრომდაიმონდის” მონაწილეა და მისი საწესდებო კაპიტალის მხოლოდ 10%-ს ფლობს. ნიკიტა სერგეის ძეს არასოდეს მიუღია მონაწილეობა არც აღნიშნული კომპანიის მართვაში (არ მონაწილეობდა საზოგადოების მონაწილეთა საერთო კრებებში), არც ბიზნესის განვითარების სტრატეგიის განსაზღვრაში, არ იღებდა დივიდენდებს. მეტიც, ნიკიტა სერგეის ძე არ იცნობს საწარმოს ხელმძღვანელს და ის არასოდეს მიუწვევიათ თავად საწარმოში”.

საიტის რედაქცია ბოდიშს უხდის ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვს სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების და სხვა წყაროებიდან აღებული შეუმოწმებელი ინფორმაციის განთავსების გამო.

ეს ცნობა გამოქვეყნებულია 2014 წლის 13 მარტის მორიგებითი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც ტვერის რაიონულ სასამართლოში დაიდო პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ ნიკიტა სერგეის ძე მიხალკოვის სარჩელზე სამოქალაქო საქმის ფარგლებში”.

nikina-1
nikita-2
nikita-3