უცხოეთი
აშშ-მა მატვიენკოს, სურკოვის, გლაზევის, როგოზინის აქტივების დაპატიმრების შესახებ განაცხადა

arest-ucx-3საქართველო, 18 მარტი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას რუსი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების, მათ შორის, ფედერაციის საბჭოს სპიკერ ვალენტინა მატვიენკოსა და ვიცე-პრემიერ დიმიტრი როგოზინის მიმართ სანქციების შემოღების თაობაზე. ამის შესახებ თეთრი სახლი იუწყება.

კერძოდ, შეზღუდვები ითვალისწინებს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და აქტივებისა და საკუთრების დაბლოკვას. ამასთან, ვაშინგტონმა აღნიშნა, რომ მზად არის გააფართოვოს სანქციები, თუკი უკრაინის გარშემო ვითარება არ დარეგულირდება.

სანქციები შემოღებული იქნა მოსკოვის ქმედებების პასუხად უკრაინის კრიზისის მიმდინარეობისას. სიის ფიგურანტებს აეკრძალებათ აშშ-ში შესვლა, მათი აქტივები და საკუთრება კი დაიბლოკება.

სიაში ასევე მოხვდნენ რფ-ის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რფ-ის პრეზიდენტის მრჩეველი სერგეი გლაზევი, დეპუტატები ელენა მიზულინა, ლეონიდ სლუცკი და ანდრეი კლიშასი.

იმ პოლიტიკოსთა ვინაობა, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან სასანქციო სიაში მოხვდნენ, ჯერჯერობით არ სახელდება. თუმცა ცნობილია, რომ ნუსხაში 21 კაცია, მათ შორის, შავი ზღვის ფლოტის სარდალი ალექსანდრ ვიტკო.