საზოგადოება
ხათუნა ხოფერია: „ჟვანიას საქმეში არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც ადეიშვილის სტრუქტურამ სააკაშვილის დავალებით „შეკერა"

khatuna-saz-1საქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად დაღუპული რაულ უსუპოვის ფოტოების გავრცელებაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.

„ეს არის ყოფილი ხელისუფლების მხრიდან გავრცელებული მასალა. ზურაბ ჟვანიას ოჯახი და მისი სამეგობრო არ ახდენენ ზეწოლას პროკურატურაზე საქმის გამოძიების დაჩქარებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ კარგად ესმით, იქ არის ძალიან ბევრი მასალა, რომელიც 7 წლის მანძილზე ადეიშვილის სტრუქტურამ სააკაშვილის დავალებით „შეკერა", ბევრი რამ დაამატა და გადააკეთა. „ნაციონალების" ეს დანაშაული ჯერ კიდევ გამოსაძიებელია. აქედან გამომდინარე, მათ აწყობთ, რომ ეს საქმე ფორსირებულად იქნეს პროკურატურის მხრიდან გამოძიებული იმ მასალებზე დაყრდნობით, რომელიც მათ მიერ იქნა საქმეში ჩადებული. როდესაც ძმა ამბობს, რომ მას ნანახი აქვს ეს ფოტოები, რჩება მხოლოდ ერთი რამ, ყოფილ ხელისუფლებას უნდა, საზოგადოებაში წინასწარ გააჩინოს ეჭვი საქმეში არსებულ მასალასთან დაკავშირებით. დასანანია, რომ ამ ადამიანებს კიდევ აქვთ ასპარეზი ამ ქვეყანაში, რომ კითხვები გააჩინონ საზოგადოებაში", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში ხოფერიამ.