საზოგადოება
მთავარი პროკურატურა: „ ჩატარდება ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად“

prokuraturaსაქართველო, 20 მარტი, საქინფორმი. პროკურატურა გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუოვის გავრცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს, რომელსაც საქინფორმი მცირედი შემოკლებით გთავაზობთ.

„ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად მიმდინარეობს. გასული წლების განმავლობაში საქმეში დატოვებულია მთელი რიგი გამოუკვლევი დეტალები და პროკურატურის მთელი ძალისხმევა მიმართულია ყველა არსებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ამ ეტაპზე დეტალების სრულად გამჟღავნება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, რაც, უდიდესი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს. მოცემულ მომენტში პროკურატურა დგას ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გვამების ექსჰუმაციისა და ახალი ექსპერტიზის ჩატარების საჭიროების წინაშე, ვინაიდან საქმის ანალიზით დგინდება, რომ ჩატარებული ექსპერტიზები არასრულყოფილია. მათში არ არის ნამსჯელი გარდაცვლილების სხეულზე არსებული ფიზიკური დაზიანებების ნიშანდობლივ კვალზე, რაც ბევრ კითხვას ბადებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მთავარი პროკურატურა აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებას სხვადასხვა ქვეყნის ავტორიტეტულ საექსპერტო დაწესებულებებთან, რათა უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს გვამების ექსჰუმაცია და ჩატარებულ იქნეს ახალი სრულყოფილი ექსპერტიზა ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.

რაც შეეხება ვიდეო მასალის გავრცელებას და ავტორის იდენტიფიცირებას, პროკურატურა გამოძიების ფარგლებში, ამ საკითხსაც შეისწავლის.

მთავარი პროკურატურა ინტენსიურად განაგრძობს საქმის გამოძიებას და ძალისხმევას არ დაიშურებს ზ. ჟვანიას და რ. უსუპოვის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად”, – ნათქვამია განცხადებაში.