საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „ევროპარლამენტის პრეზიდენტს გამორჩა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“

1-majya-saz-2საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეახსენებს ყველას, რომ ყირიმის შემთხვევა 21-ე საუკუნეში არ არის ანექსიის პირველი შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადების კომენტირებისას განაცხადა იმის თაობაზე, რომ უკრაინის აგრესია არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა.

"საგარეო უწყება აპირებს შეახსენოს აბსოლუტურად ყველას, ვინც უნდა იყოს იგი, რომ საქართველო არის ევროპა და 21-ე საუკუნეში ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შეილახა და მოხდა საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ეს მოხდა 2008 წელსაც. მას შემდეგ საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და მისი ორი ნაწილი არის ასევე რუსეთის მიერ გამოცხადებული, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასე რომ, ეს ალბათ გამორჩა ევროპარლამენტის პრეზიდენტს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.