საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: “არავის აინტერესებს ყოფილი პრეზიდენტი და მისი დაბარება პროკურატურაში. მთავარი რჩევა, რომელიც ორმხრივი შეხვედრების დროს მივიღე, არის, რომ არ მივაქციოთ ყურადღება შექმნილ აჟიოტაჟს და იგნორირება გავუკეთოთ ამ ისტერიას"

1-samefoSi-saz-2საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტის შედეგები შეაჯამა. “ძალიან სასარგებლო იყო ეს ფორუმი, რომელიც საინტერესოდ წარიმართა. მსოფლიო ლიდერებს საშუალება ჰქონდათ, გაეცვალათ თავიანთი მოსაზრებები. საქართველო არის გამოკვეთილი ლიდერი რეგიონში, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში”,-აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე გამოიკვეთა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარებულად, დროზე ადრე ხელმოწერის მოლოდინი. ასევე, მსოფლიო ლიდერთა მხრიდან არსებობს საქართველოში ვიზიტების განხორციელების მზაობა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ახლო მომავალში რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ესტუმრება. მათ შორის: საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, შვეიცარიის პრეზიდენტი დიდიე ბურკჰალტერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარტინ ლიდეგაარდი.