სამართალი
წუხელ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ

cuklauriსაქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. წუხელ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"დაახლოებით ღამის 3 საათისთვის დავბრუნდი სახლში. სახლთან დამხვდა სამი მანქანა, რომელშიც იყო შვიდი ან რვა ადამიანი, ყოველგვარი სიტყვების გარეშე დამესხნენ თავს და დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს ჩხუბი. მათი ამოცანა იყო მანქანაში შეგდება და როცა ეს არ მოხერხდა, ერთ-ერთმა დამადო ორჯერ ელექტროშოკი", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა, რომელიც მომხდარს პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირებს.

პირველადი დახმარება ნუგზარ წიკლაურს ღუდუშაურის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

წიკლაურის ცემის ფაქტს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომლის თქმითაც, მან უკვე დაავალა შესაბამის უწყებებს აღნიშნული ფაქტის გამოიძიება.

„ასეთი საქმეების გამოუძიებლობა ხდებოდა ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ასე წინასწარ დასკვნების გამოტანა არ იქნება სწორი. მე ინფორმაცია მოვისმინე ამ დილით. ეს არის აღმაშფოთებელი და მე მოვუწოდე უკვე შესაბამის უწყებებს, რომ დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.