საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „გამსახურდიას დამსახურებაა 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის შედეგად საქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას“

sazogad-2საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას საფლავი გვირგვინით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას. დღეს ზვიად გამსახურდიას 75 წელი შეუსრულდებოდა.

როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დიდია ზვიად გამსახურდიას ღვაწლი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მიღწევის საქმეში.

“ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი, რომლის შედეგადაც საქართველოს მთელმა მოსახლეობამ, აფხაზი და ოსი თანამოძმეების ჩათვლით, ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდიას თაოსნობით საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.