უცხოეთი
პენტაგონი უკრაინას დაეხმარა... მშრალი საკვებით, როგორც 2008 წელს საქართველოს - პამპერსებით...

pentagon-ucx-3საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. პირველი ტვირთების მიწოდების შესახებ ცნობა ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა სარდლობამ გაავრცელა. გასულ უქმეებზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის საწყობიდან გერმანიის ქალაქ გერმერსჰაიმიდან უკრაინაში 300 ათასი ტონა მშრალი საკვები გაიგზავნა. ტვირთის ღირებულებამ, საწვავისა და ტრანსპორტის ფასის ჩათვლით, 3 მლნ დოლარი შეადგინა. სახსრები პენტაგონის გაუთვალისწინებელი ხარჯების ფონდიდან გამოიყო. ვაშინგტონში აღნიშნავენ, რომ თეთრი სახლის მიერ მოწონებული სამხედრო დახმარების პროგრამა შემოიფარგლება მხოლოდ „არალეტალური სახსრებით“. მიწოდების სიაშია სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და კავშირგაბმულობის საშუალებები.

ბარაქ ობამას ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას კონგრესში სასაცილო უწოდეს. გასული კვირის ბოლოს რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსეი გრემმა თეთრ სახლს მიმართეს მოთხოვნით, დაიწყოს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების მიწოდება უკრაინის მთავრობისათვის. სენატის თავდაცვის კომიტეტის წევრებმა კი თეთრ სახლში გააგზავნეს წერილი, სადაც ღრმა შეშფოთება გამოთქვეს მოსკოვის გეგმებით  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, დნესტრისპირეთში შესაძლო ინტერვენციასა და ბალტიის სახელმწიფოებში მიწების მიტაცებასთან დაკავშირებით. მათ საფუძვლად მოიყვანეს ინფორმაცია, რომელიც „ოფიციალური სამხედრო და სადაზვერვო წყაროებისგან“ მიიღეს.