საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი - დევნილებს: „ამდენი წლის შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი - ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ“

devnili-saz-1საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ერთი თვის ვადას აძლევს დევნილთა და განსახლების მინისტრს, რათა სამშენებლო კომპანია "ბლოკ ჯორჯიამ" დევნილთა საცხოვრებელი ბინების მშენებლობის დროს დაშვებული ხარვეზები გამოასწოროს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობების დათვალიერების დროს განაცხადა.

სამშენებლო კომპანიებს აქვთ ხარვეზები და სწორად შეარჩიეთ კომპანიები. აქ სიჩქარე და ფუქსავატობა არ შეიძლება, მთავარია ხარისხიანად აშენდეს. მოვითხოვ, გამოასწორონ ხარვეზები, სასწრაფოდ გამოასწორებინეთ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით დარახველიძეს.

პრემიერ-მინისტრი მშენებლობაზე დასაქმებულ დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა მათ სხვადასხვა კატეგორიად არ ყოფს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა,სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, ვინც დევნილად იქცა.

ეს საცხოვრებელი კომპლექსი თქვენთვის შენდება. ამდენი წლის შემდეგ თქვენ უკვე გექნებათ საკუთარი ჭერი - ბინები საკუთრებაში გადმოგეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება. მისასალმებელია ისიც, რომ კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოგდგომოდით მხარში. ეს საცხოვრებელი კომპლექსი არის იმის ნათელი მაგალითი, რომ ჩვენ, მთავრობა, დევნილების მდგომარეობით სპეკულირებაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ გამუდმებით ვმუშაობთ თქვენთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ დევნილებს.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი -საშუალოდ 8000 ადამიანი, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილდა.

პრემიერმა გრძელვადიანი განსახლების პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მაისში ფართო მასშტაბის მშენებლობა დაიწყება თბილისსა და ქუთაისში.

2015 წელს კი დაიწყება კომპლექსის მშენებლობა ვარკეთილში, ასევე მასშტაბური მშენებლობები იგეგმება გორში და ბათუმში.

ჩვენ ყოველთვის გვახსოვხართ და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ ღირსეულად იცხოვროთ. მინდა იცოდეთ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდითაა“, - მიმართა პრემიერმა დევნილებს.

სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთაგან 120 ადგილობრივი მოსახლეა, ხოლო 30 - დევნილი. სამუშაოების ახალ ეტაპზე გადასვლის შემდეგ დამატებით 50 დევნილი დასაქმდება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, გერმანიის რეკონსტრუქციის და განვითარების საკრედიტო ბანკის (KFW) დაფინანსებით, ზუგდიდში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 ახალ საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, რის შედეგადაც დევნილ ოჯახებს 256 ბინა გადაეცემა.

ირაკლი ღარიბაშვილს მშენებლობაზე დახვდნენ დევნილები, რომლებსაც 20 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი არ ჰქონდათ. მათ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, 74-ბინიან კორპუსში ბინები გადაეცათ,რისთვისაც პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადეს.

denili-saz-1-1