პოლიტიკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თამაში 3D ფორმატში

policia-tamashiშინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ კომპიუტერულ თამაშს ქმნის. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა ტელეკომპანია "იმედისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ახალი თამაშის მთავარი გმირი პოლიციელი იქნება. "როგორც წესი, ასეთი თამაშების მთავარი გმირები მაფიოზები, კრიმინალები არიან, რომლებიც ხოცავენ პოლიციელებს, ტეხენ ბანკებს და ა.შ. მაგრამ ჩვენ გადავწვიტეთ, ეს შევცვალოთ. ამჯერად მთავარი გმირი იქნება პოლიციელი, რომელიც კი არ ხოცავს დამნაშავეებს, არამედ მათ წინააღმდეგ ახორციელებს კანონით განსაზღვრულ ნორმებს", - განაცხადა მერაბიშვილმა.

თამაშის მიხედვით, რაც უფრო წარმატებულად იქცევა მთავარი გმირი, ანუ აპატიმრებს, ატარებს გამოძიებას და სხვადასხვა ოპერაციებს, მით უფრო იზრდება მისი დონე და მეტ ქულებს აგროვებს. ეს იქნება უფასო ქართული კომპიუტერული თამაში, რომელსაც "პოლიცია" ერქმევა. მას ექნება ინგლისური ვერსიაც და თავისუფლად გავრცელდება მთელს მსოფლიოში. თამაშის უარყოფითი გმირები რუსები იქნებიან. რუსები ჯაშუშების ფუნქციას შეასრულებენ და, თამაშის მიხედვით, ქართველი პოლიციელები მათ წინააღმდეგ აღმკვეთ ღონისძიებებს გაატარებენ. გარდა რუსეთის ჯაშუშებისა, იქნებიან თუ არა სხვა ქვეყნის აგენტებიც კომპიუტერულ თამაშში უცნობია. ამის გასარკვევად საქინფორმი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ზურაბ გვენეტაძეს დაუკავშირდა. გვენეტაძემ გვთხოვა, დაგვესვა შეკითხვა, რომელზე პასუხიც გვაინტერესებდა, მას შემდეგ, რაც ვკითხეთ, იქნებიან თუ არა ახალ კომპიუტერულ თამაშში რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნის აგენტებიც, გვენეტაძემ გვთხოვა, მოგვიანებით დაგვერეკა მისთვის, რამდენიმე წამში კი ტელეფონი გაგვითიშა.