აქტუალური
ჯეიმს აპატურაი: „ირაკლი ღარიბაშვილს მოვუწონე მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები“

1Sexvedra-akt3საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. „საქართველოს პრემიერ–მინისტრთან საკმაოდ საინტერესო შეხვედრა შედგა. ირაკლი ღარიბაშვილს მოვუწონე მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და ვიმსჯელეთ, თუ როგორ შეიძლება ეს პროგრესი აისახოს ნატოს გადაწყვეტილებაში“ – განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს აქტიურ დიალოგს რუსეთთან და მიიჩნევს, რომ  ეს დაძაბულობის შესამცირებლად საუკეთესო გზა არის.

შეხვედრაზე მხარეებმა  ნატოს ბრიუსელის მინისტერიალსა და უელსის სამიტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსაც და ხაზგასმით აღინიშნა ამ მიმართულებით განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ნატოსთან ურთიერთობაში ახალ ეტაპზე გადასვლას ელოდება, რაც ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრას ნატოს საერთაშორისო სამსახურის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების წარმომადგენელი კრისტიან მესაროში, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში ლევან დოლიძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დაესწრნენ.