საზოგადოება
შალვა შავგულიძე: „ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებიდან შს სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების მუდმივი ხაზი არსებობს“

shalva-shavgulidze-saz-3საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ინფორმაციის მიწოდების მუდმივი ხაზი არსებობს , - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შალვა შავგულიძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ევროკავშირის 2006 წლის დირექტივა ითვალისწინებს, რომ ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებმა უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდების ტექნიკური საშუალება რეალურ დროში უზრუნველყონ. ეს "მუდმივი მიერთების” სახელწოდებით აისახა "ოპერატიულ სამძებრო კანონში" და მართლაც, ამ სახელწოდებით ჩვენს ქვეყანაში არსებული კომპანიებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ეს ხაზი არსებობს, მაგრამ არ არსებობს კონტროლის მექანიზმი, თუ რა რაოდენობის ინფორმაცია გადადის ამ არხის მეშვეობით სამართალდამცავი ორგანოების ხელში. არ არსებობს მექანიზმი, რადგან პირობითად გასაღები არის თავად სამართალდამცავ სისტემაში", - განაცხადა შალვა შავგულიძემ, რომლის განმარტებით, კონტროლის ერთადერთი მექანიზმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორია, თუმცა მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, რადგან „რეგულაციები არის არამკაფიო და არაგამჭვირვალე“, სტანდარტები საერთოდ არ არის დარეგულირებული.