საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს ხელოვნური დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების წინადადებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს უკვე მიმართა. მისი თქმით, წინადადებაში დეტალურად არის აღწერილი სახალხო დამცველის რწმუნებულების საქმიანობისთვის ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა. მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში რწმუნებულებს დაწესებულების თანამშრომლებმა აგრესიული, შეურაცხმყოფელი ტონით მიმართეს და მოუწოდეს, საგამოძიებო ოთახში შესულიყვნენ. სხვა შემთხვევაში, ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ აძლევდნენ უფლებას, დაუყოვნებლივ ენახათ პატიმარი საკანში.
ომბუდსმენის განცხადებით, აუცილებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ჩაატაროს სამსახურებრივი შემოწმება და პასუხისმგებელი პირების მიმართ შესაბამისი ღონისძიებები გაატაროს.