აქტუალური
პაატა იმნაძე: „ესაა ენტეროვირუსული მენინგიტები, რომლებიც ყველაზე მსუბუქად მიმდინარეა მენინგიტებს შორის“

meningiti-akt-1საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. ბოლო სამი კვირის განმავლობაში საქართველოში საგრძნობლად იმატა ინფექციური მენინგიტის შემთხვევებმა, რომელთა რიცხვმა დღეისათვის 70-ს მიაღწია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის განმარტებით, საქართველოში ინფექციური მენინგიტის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს და ესაა ე.წ. ენტეროვირუსული მენინგიტი.

„ლაბორატორიულად უკვე დადგენილია ჩვენი ცენტრის - ლუგარის ლაბორატორიაში, რომ ეს არის ნამდვილად ენტეროვირუსული მენინგიტი და საბედნიეროდ, ის ყველაზე უფრო მსუბუქად მიმდინარე მენინგიტია ყველა სხვა მენინგიტს შორის, ამიტომ სასიცოცხლო საშიშროება და მძიმე მიმდინარეობით საშიშროება ნორმალური იმუნიტეტის მქონე ადამიანებში ნამდვილად არა აქვს ამ დაავადებას. აქედან გამომდინარე, რაიმე ექსტრაორდინარული ზომების მიღება არ არის მსოფლიო პრაქტიკაში ასეთი მენინგიტების დროს“, - განაცხადა იმნაძემ და დასძინა, რომ დაავადების სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა და თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და კისრის კუნთების დაჭიმულობა.