საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „განსაკუთრებით აღვნიშნეთ სამხრეთის გაზის დერეფნისა და იმ სხვა ენერგორესურსების სატრანზიტო ინფრასტრუქტურების მნიშვნელობა, რომლებიც უშუალოდ აკავშირებენ კასპიის რეგიონს ევროკავშირთან“

1Osobo-sazog-3საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე (ბრიუსელი, 21 მაისი, 2014 წელი)

“მე მოვახსენე პრეზიდენტ ბაროზუს, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც მტკიცედ რჩება ერთგული დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. ჩვენ ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაზრდის მნიშვნელობას, და ყურადღება გავამახვილეთ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორსაც წარმოადგენს ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, განათლება და სამეცნირო კვლევა.   ასევე აღვნიშნეთ ენერგეტიკული საკითხების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი სამხრეთის გაზის დერეფნისა და იმ სხვა ენერგორესურსების სატრანზიტო ინფრასტრუქტურების მნიშვნელობა, რომლებიც უშუალოდ აკავშირებენ კასპიის რეგიონს ევროკავშირთან.

აღსანიშნავი წინსვლა იქნა მიღწეული საქართველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების პირველ რაუნდში და ჩვენ ამ პროცესის უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულების იმედს გამოვთქვამთ.