საზოგადოება
მაია ფანჯიკიძე: „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული“

1fanCi-saz-2საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას, რომლითაც მოსკოვი ოფიციალურ თბილისს 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე საფრთხეების კარგად გაანალიზებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და წარმოუდგენელია, ეს იყოს ცუდი ვინმესთვის, მათ შორის – რუსეთისთვის. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით და არავის წინააღმდეგ არ ვდებთ ამ ხელშეკრულებას“, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ლუკაშევიჩის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვანო მაჭავარიანიც, რომლის თქმითაც, ქვეყანა ყველანაირი გამოწვევისთვის მზად უნდა იყოს. „ჩვენი პარტნიორები ყველაფერს გააკეთებენ საქართველოსთან ერთად, რომ ხელმოწერას ხელი არაფერმა შეუშალოს”, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

„თუკი საქართველო გააგრძელებს ბრძოლას, რაც, მე მგონია, რომ აუცილებელია სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ევროპულ ოჯახში დამკვიდრებისათვის, რა თქმა უნდა, რუსეთისგან იქნება პრობლემები, თუ ეს ღარიბაშვილის მთავრობას ვერ წარმოუდგენია, მაშინ ნურც წვალობენ“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების პოზიციას.