სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილი:''მე ვიქნები გარანტი იმისა, რომ ბიზნესზე ზეწოლას ვერავინ განახორციელებს. ჩვენი მთავრობის ამოცანაა, ბიზნესი მაქსიმალურად გავათავისუფლოთ და არ შევუქმნათ მას დამატებითი ბარიერები''
1Garant-samart-1საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. გასულ კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე ახალი ხელისუფლების მიერ განხორცელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ხელისუფლებისა და ბიზნესის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბიზნესის კეთების 2014-ის რეიტინგში საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და 189 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. მათ შორის, მოწინავე პოზიციებზე ვართ ბიზნესის დაწყების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქონების რეგისტრაციის, აგრეთვე, ინვესტორთა უფლებების დაცვის კუთხით”, - განაცხადა პრემიერმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას. ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს ახალი სახელმწიფო პროგრამის - აწარმოე საქართველოში“ შესახებაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ პროგრამა ქვეყანას ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავლებსა და მატერიალურ კეთილდღეობას მოუტანს.
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე აღნიშნა, მთავრობის ძალისხმევის მიუხედავად, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემური საკითხები, რომელთა გადასაჭრელად ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.
განვლილი თვეების პრაქტიკამ აჩვენა, რომ კვლავ პრობლემად რჩება საგადასახადო ადმინისტრირების ზოგიერთი საკითხი; ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ჯერ კიდევ ვერ გადაიჭრა საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების ნორმების დადგენის პრობლემა; დახვეწა სჭირდება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავების განხილვის მექანიზმებს. ჩვენ წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რომელთა დაძლევა მთავრობისა და ბიზნესის კოორდინირებული მუშაობით გაცილებით ეფექტიანად შეიძლება. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. მერწმუნეთ, ხელისუფლება ითვალისწინებს თქვენს მოსაზრებებს“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ბიზნესმენებს.