სამართალი
აფხაზეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა განაცხადეს, რომ მხარს პრეზიდენტ ანქვაბს უჭერენ

1-ankvab-2საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება, რომლითაც მხარდაჭერა გამოუცხადეს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს.

„ჩვენ, აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო. ძალოვანი უწყებები პოლიტიკის მიღმა დგანან, თუმცა, ჩვენ კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ბრძოლის არაკონსტიტუციური მეთოდები, რომლებსაც ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზაციისაკენ მივყავართ“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტს შესაძლოა კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები მოუწოდებენ ყველა ძალას სამართლებრივი ქმედებებისაკენ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის კონსტიტუციის ფარგლებში. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ქვეყნის კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აფხაზეთის ოპოზიცია სახელმწიფოს მეთაურის გადადგომას მოითხოვს. ამ მოვლენებს წინ უსწრებდა მრავალათასიანი მიტინგი სოხუმში სამთავრობო შენობების კომპლექსთან. მომიტინგეები მოითხოვდნენ ხელისუფლების სისტემის რეფორმირებას, უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ხელმძღვანელობის ქმედებების გამო. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო სამმართველო იუწყებოდა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებისას გამოიკვეთა „ერთგვარი კონსენსუსი“, თუმცა რაიმე გადაწყვეტილება, მათ შორის საკადრო, მიღებული არ ყოფილა.

სამშაბათს საღამოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე კონტროლი დაამყარეს და განაცხადეს, რომ რესპუბლიკის დროებით მმართველობას საკუთარ ხელში იღებენ.

აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ აშუბა იუწყება, რომ ანქვაბი აფხაზეთში იმყოფება და რესპულიკაში სიტუაციას აკონტროლებს. მომხდარი მან შეაფასა, როგორც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

ოთხშაბათს დილით რესპუბლიკის პარლამენტის საგანგებო სესია გაიმართება.