აქტუალური
მთავრობის საპარლამენტო მდივანი: “პრემიერ-მინისტრისთვის შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილების გადაცემა შეუძლებელია როგორც სამართლებრივი, ასევე პროცედურული თვალსაზრისით!”

1-Sekretar-aqtual-1საქართველო, 29 მაისი, საქინფორმი. “საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკების ეტაპზე საქართველოს პრეზიდენტმა არ მიმართა მთავრობას შესაბამისი თანხმობის მისაღებად.

გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებს არ აწარმოებდა საქართველოს პრეზიდენტი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მას არ გააჩნია უფლებამოსილება, მთავრობის თანხმობისა და შემდგომში პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციის გარეშე ხელი მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას, მით უმეტეს, აღნიშნული უფლებამოსილება, თუნდაც ერთჯერადად, გადასცეს სხვა თანამდებობის პირს.

საქართველოს კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, რომ აღნიშნული სახის ხელშეკრულების დადება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განეკუთვნება. შესაბამისად, ხელმოწერის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

ასევე, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებათა შესრულებას. მთავრობამ 22 მაისის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და მთავრობის სახელით შეთანხმებას ხელს მოაწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ამასთან, კონტრასიგნაციის მისაღებად  საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება წარმოდგენილია „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით“, - აცხადებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.