საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში!”

1-Veriu-sazogad-1საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიით დააჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჯილდოს მიღება მიულოცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მიმართა: ძვირფასო ბატონო რომპეი, საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის სახელით გულწრფელად გილოცავთ 2014 წლის კარლოს დიდის სახელობის პრემიით დაჯილდოებას და მადლობას მოგახსენებთ არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის ევროპულ გზაზე წინსვლაში, არამედ თქვენი ფასდაუდებელი წვლილისთვისაც ევროკავშირის კონსოლიდაციისა და შემდგომი განვითარების საქმეში".

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მნიშვნელობაზე და იმ სარგებელზე, რომელიც ამ ისტორიული მნიშვნელობის გაფართოებას მოაქვს როგორც ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის, მათი ეკონომიკისა და მოქალაქეებისთვის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც.

“საქართველო იზიარებს თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპული სივრცის ოცნებას, რომელშიც სუფევს მშვიდობა და კეთილდღეობა და რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კულტურას, ტრადიციას, ენასა და რელიგიას. როგორც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მჯერა, რომ საქართველოსაც შეუძლია წვლილის შეტანა ევროპული პროექტის წარმატების განმტკიცებაში!”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.