სამართალი
მარგველაშვილმა ბურკჰალტერთან შეხვედრაზე რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა

Shveicariis-prezident-sam-2საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ დიდიე ბურკჰალტერს პირისპირ შეხვდა. მხარეებმა ყურადღება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს. დიდიე  ბურკჰალტერმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ქვეყნის პირველ პირს ცხინვალის რეგიონში, კერძოდ, ერგნეთში, ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის  მდგომარეობის შესახებ, სადაც გუშინ იმყოფებოდა. შვეიცარიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მსგავსი მექანიზმი გალშიც ამოქმედდება. როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, საჭიროა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ადამიანებმა ერთმანეთთან კონტაქტი შეინაჩუნონ და ასე დაადგნენ კონფლიქტის დაძლევისა და შერიგების გზას. შვეიცარიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელი და ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა.

საქართველოს პრეზიდენტმა დიდიე ბუკჰალტერს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით ამჟამად არსებული მძიმე ვითარება გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცების და უკანონო დაკავების ფაქტების შესახებ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა.

გიორგი მარგველაშვილმა შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და ხაზგასმით აღნიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის როლი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხში.