სამართალი
პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალი წარუდგინა

1-baCana-samart-1საქართველო, 3 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ,  საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას წარუდგინა ბრალდება წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან და №8 საპყრობილის დირექტორ ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღო აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ .. „ჯაშუშურიჯგუფი.

2011 წლის სექტემბრის თვეში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩანა ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს.

ცემისა და წამების დროს, ბაჩანა ახალაიამ ამოიღო თანნაქონი იარაღი, მიაბჯინა სახეზე ვიცეპოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს და დაემუქრა მოკვლით თუ ეს უკანასკნელი არ აღიარებდა დანაშაულს, თან აგინებდა და აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამის შემდეგ, როდესაც ცემისაგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა დაემუქრა სექსუალური ძალადობით, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო მასზე მოძალადე პირების მოთხოვნას და ეღიარებინა თითქოსდა იგი ჩადიოდა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.
მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით, მეგის ქარდავა, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით, გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, სისტემატიურად ცემდნენ მას პლასტმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის დიდი ზომის საჭრელი მაკრატლით თითებს დააჭრიდნენ და მის თითებს ათავსებდნენ მაკრატლის საჭრელ პირებს შორის. შემდგომ მას ყელზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ ოთხზე ეხოხა შენობის დერეფანში. მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდენ, რომ გიორგი გორელაშვილი არ აღიარებდა არჩადენილ დანაშაულს, იგი როგორც „ჯაშუშობაში“ ბრალდებული გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
ასევე, აღიარების მიღების მიზნით, ისინი სერგო თეთრაძეს აყენებდნენ ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას, თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. სერგო თეთრაძემაც, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძლიერი ფიზიკური ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, ბაჩანა ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას, რის საფუძველზეც,  2011 წლის 23 სექტემბერს, ბაჩანა ახალაიას გეგმის მიხედვით,  №8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამაზ სისაურმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს  სექსუალური ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა  9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორს, მისი ბრალდების საქმეზე გრძელდება გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილით, 25,138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15-წლამდე ვადით.