სამართალი
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა

1-poses-sam2საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. საქართველოს სახელმწიფომ ეს დავა გამარჯვებით დაასრულა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა კოორდინირებულ პოლიტიკას ქართველების წინააღმდეგ დაკავებისას, დაპატიმრებისას და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევებისას და, შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები.
რაკი ამდენი დარღვევა დადგინდა, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ. მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა“, − განაცხადა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოთაშორის საქმეზე  − საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. მოსამართლემ წაიკითხა გადაწყვეტილების მხოლოდ დასკვნითი ნაწილი. სრული ვერსია გამოქვეყნდება სასამართლოს საიტზე.