სამართალი
“საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეა!” - აღნიშნა ალასანიამ ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში ახალ სპეციალურ წარმომადგენელთან ჰელბერტ სალბერთან შეხვედრაზე

1-handalas-sam1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრის მთავარი თემა 27 ივნისს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობა იყო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ერთი ასეულის ზომის ქართული ქვედანაყოფის მონაწილეობასა  და მალის მისიაზე. მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების გარემოზეც იმსჯელეს.
„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ახალ სპეციალურ წარმომადგენელს იმისთვის, რომ ევროკავშირმა დაიწყო ახალი ენერგიით მუშაობა აფხაზეთსა და ცხინვალში ოკუპირებული ტერიტორიების კონფლიქტების მოგვარებაზე“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ძალიან მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი მინისტრ ალასანიას და მასთან ერთად განმეხილა სამხრეთ კავკასიაში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. მანდატის განხორციელება რამდენიმე კვირის წინ დავიწყე. ჩემი ვიზიტის მიზანია უკეთ გავეცნო საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს. დღევანდელი დისკუსია ძალიან დამეხმარა უკეთ გავცნობოდი საქართველოს პოზიციას უსაფრთხოების გარემოსთან, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით" - განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ჰელბერტ სალბერმა.