სამართალი
პროექტი “მეტი ნატო საქართველოში!“ - ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას შეხვდა

1-jamesalas-sam2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ირაკლი ალასანია: „ბატონ აპატურაისთან ერთად  ძალიან დეტალურად შემოთავაზებების ის პაკეტი განვიხილეთ, რომელზეც ნატოს მხრიდან საქართველოს მიმართ სამიტზე განსახილველადაა საუბარი. როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, ეს პაკეტი  რამდენიმე ელემენტს შეიცავს. პირველი - საქართველო იქნება უფრო დაცული ამ სამიტის შემდეგ და ამ შემოთავაზებებით, უფრო უსაფრთხო და რაც მთავარია, იქნება  წინგადადგმული ნაბიჯი ნატოს წევრობისკენ. უკვე ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  საქართველო ნატოს წევრი უახლოეს პერიოდში გახდეს. აქედან გამომდინარე, ამ დისკუსიებს, დისკუსიებს სხვა სახელმწიფო  მოხელეებთან ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში ნატოში მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება“.
"თავდაცვის მინისტრთან არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონია, თუმცა დღევანდელი შეხვედრა გამორჩეული იყო. ჩვენ ერთად ვიმსჯელეთ პაკეტის დეტალებზე, რომელიც ნატოს სამიტზე დამტკიცდება. შევთანხმდით, რომ ეს პაკეტი იქნება ძალიან საფუძვლიანი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას და ითვალისწინებს კონკრეტულ ნაბიჯებს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ამ საკითხების განხილვა ბრიუსელშიც მოხდება, თუმცა ძალიან კარგი დასაწყისია და თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი სამუშაო გაწია ამ მიმართულებით. ეს კარგი საფუძველია წარმატებული სამიტისთვის", - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.