სამართალი
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ი. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

1-policege-sam3საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. გამოძიებამ დაადგინა, რომ გენადი ი. მიმდინარე წლის 10 ივლისს, საღამოს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში, შურისძიების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 5 გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ქალაქ ახალქალაქში მცხოვრებ, 1965 წელს დაბადებულ მელანია ქ. და მის შვილიშვილს, 2013 წელს დაბადებულ კატერინა ნ., რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, გენადი ი. მომხდარიდან რამდენიმე საათში, სოფელ გოგაშენთან, ტყეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი „ეს-კა-ეს“-ის ტიპის კარაბინი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ რამდენიმე წლის წინ გენადი ი. მოკლული ქალბატონის ქალიშვილს ემუქრებოდა, რის გამოც 2011 წელს მუქარის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).