“რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, მესტიის მიმართულებით ფრენა განახლდება” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატახტარის აეროდრომზე სტუმრობისას
საქართველო, 15 ივლისი,
საქინფორმი. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთელი წლის განმავლობაში სვანეთთან რეგულარული და სწრაფი კომუნიკაცია მნიშვნელოვან შეღავათს მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, რაც ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„გარდა იმისა, რომ მესტიის მიმართულებით ავიარეისი აბსოლუტურად კომფორტულია და 45 წუთამდე ამცირებს 7-8 საათიან გზას, ამავე დროს ჩვენ მაქსიმალურად შევამცირეთ ბილეთის ფასი 65 ლარამდე, რათა სვანეთის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ავიარეისით სარგებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია ,,სერვისეირი“ რეისებს მესტიის მიმართულებით კვირაში სამჯერ - ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს შეასრულებს. კომპანია მგზავრებს ახალი, კომფორტული, ჩეხური წარმოების 15-ადგილიანი თვითმფრინავით გადაიყვანს. ბილეთების შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ, რეისების შესრულება კი 18 ივლისიდან დაიწყება.