აქტუალური
რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველის ოფისი სწავლობს

1-fact-aqtual-1საქართველო, 19 აგვისტო, საქინფორმი. რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 წლის პატიმარ ჯიდო ფიცხელიანის გარდაცვალების ფაქტს სახალხო დამცველის ოფისი სწავლობს. „კონკრეტულ დეტალებზე, საქმის გარემოებებზე საუბარი არ არის. სახალხო დამცველის ოფისი, აპარატი, ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ ამ შემთხვევას. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროცედურა და თუ ჩვენ მივიღებთ დამატებით ინფორმაციას, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს გამოძიებისთვის, საზოგადოებისთვის, ჩვენ მოვახდენთ როგორც საგამოძიებო ორგანოების ინფორმირებას, ასევე საზოგადოების“, -აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 24 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროში საუბარია მის სავარაუდო თვითმკვლელობაზე, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას არ იზიარებს.