უცხოეთი
თურქეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო

1Komendant-zar-2საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. თურქეთის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი შემოიღო მას შემდეგ, რაც ქურთების მასობრივი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას 14 კაცი დაიღუპა, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა, - იტყობინება „ასოშიეიტედ პრესი“.
კომენდანტის საათი გამოცხადდა დიარბაკირის, მარდინის, სიირტის, მუშის, ვანის, ბატმას პროვინციებში.

მანიფესტანტებმა უნდა დატოვონ ქუჩები ანდა სიტუაციას შესაძლოა გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. ძალადობა უპასუხოდ არ დარჩება“, - ახდენს „სინხუა“ თურქეთის შს მინისტრი ეფკან ალის ციტირებას.

შეტაკებებისას, რომლებიც 6 ოქტომბერს მთელ ქვეყანაში დაიწყო, დემონსტრანტები არბევდნენ მაღაზიებს, ხოლო პოლიციას, შენობებს და ავტომანქანებს ქვებსა და ცეცხლგამჩენი სითხით სავსე ბოთლებს უშენდნენ. პასუხად სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები წყლის ჭავლებსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდნენ.

7 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილე 100-მდე ქურთი ბრიუსელში, ევროპარლამენტის შენობაში შეიჭრა ევროკავშირის ქვეყნებისგან „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური ჩართვის მოთხოვნით. 6 ოქტომბერს ქურთმა აქტივისტებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს ჰააგაში, ნიდერლანდების პარლამენტში. ათობით აქტივისტი შენობაში შეიჭრა პლაკატებით „შეწყვიტეთ უმოქმედობა, მხარი დაუჭირეთ კობანს“.

ქურთების საპროტესტო აქციები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ისლამისტებმა პრაქტიკულად დაიპყრეს ქალაქი კობანი, რომელიც თურქეთის საზღვარზე მდებარეობს და ქურთების ავტონომიის დედაქალაქად მიიჩნევა. ბოევიკებს, ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით, ის სამ კვირაზე მეტხანს ალყაში ჰყავდათ მოქცეული.