საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ახალმა ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია

1-IanoSh-sazo-1საქართველო, 20 ოქტომბერი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილმა და იანოშ ჰერმანმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც მათ ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის გზებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ ხელშეკრულების პროექტს. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ევროკავშირის, მათ შორის მონიტორინგის მისიის ჩაბმულობა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ვითარების დეესკალაციის მიზნით.

ყველას კარგად გვესმის ჩვენი ურთიერთობის ახალი ფორმის მნიშვნელობა ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ასევე გვესმის, რომ უხლოეს თვეებში გვექნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ განვითარების მიმართულებით, ასევე რეფორმებისა და ცვლილებების განხორციელებაში. საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროკავშირს. ამას გარდა, შესაძლებლობა გვქონდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან გვესაუბრა როგორც ქვეყნის შიდა პროცესებზე, ისე რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

იანოშ ჰერმანი უნგრელი დიპლომატია. საქართველოში ელჩად დანიშვნამდე იგი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი იყო აზიაში, მანამდე კი (2010 -2013 წლებში) მუშაობდა ნორვეგიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად.