საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „მსოფლიოში არ არსებობს ორი ერის ძმობის ისეთი მაგალითი, როგორიც ქართველთა და ებრაელთა შორისაა“

1-Evrei-saz-3-mtსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. ქართველ ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.
ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მუზეუმის და არაერთი ებრაული კულტურულ-რელიგიური ძეგლის აღდგენა-რესტავრირება ითავა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელი ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად გამოცხადდა.
„ებრაელები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს აღმშენებლობაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ისინი ქმნიდნენ და იზიარებდნენ ქართულ კულტურას, ემსახურებოდნენ საქართველოს, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ თვითმყოფადობა. ეს ურთიერთობები, ეს მეგობრობა ფასდაუდებელი მონაპოვარია. სასიხარულოა, რომ ამ მეგობრობასა და სიყვარულს მრავალი წლის წინ საქართველოდან წასული ებრაელებიც ინახავენ და უფრთხილდებიან“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

1-Evrei-saz-3-qv