აქტუალური
ლევან ჩაჩუა: „მე, ბრალდებულის პოზიციიდან ვამბობ, რომ სიმართლის დასადგენად გამოვიკვლიოთ უსუპოვის ტანსაცმელი და თქვენ მეწინააღმდეგებით?“

CaCua-akt-3საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი.  ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ლევან ჩაჩუამ გარდაცვლილი რაულ უსუპოვის ტანსაცმლის გამოკვლევა მოითხოვა. ჩაჩუას ადვოკატის განცხადებით, ჭუჭყიანი ტანსაცმელი, რომელიც რაულ უსუპოვის მამამ ჩვენების მიცემის დროს ახსენა, ჟვანიას გარდაცვალების მთავარი საქმის ნივთმტკიცებებში ინახება და მისი გამოკვლევით სიმართლე დადგინდება. ადვოკატის შუამდგომლობას შეეწინააღმდეგა პროკურორი რევაზ ნადოი, რომლის განცხადებითაც, ჩაჩუას საქმე ცალკეა გამოყოფილი და მასთან ტანსაცმელს კავშირი არ აქვს. დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა თავად მოსამართლე დავით მგელიაშვილმაც.

"თუ თქვენი მიზანი იყო ჩემი დასჯა, ეს გამოგივიდათ - 9 თვეა, პატიმრობაში ვიმყოფები. ახლა ჩვენი მიზანი სიმართლის დადგენა უნდა იყოს. ეს საქმე 10 წელი არ გაჩერებულა და კიდევ 15 არ გაჩერდება. საზოგადოებას აინტერესებს სიმართლე, ეს საქართველოს ისტორიაა. ამხელა კაცია მკვდარი. მე, ბრალდებულის პოზიციიდან ვამბობ, რომ სიმართლის დადგენის მიზნით გამოვიკვლიოთ ტანსაცმელი და თქვენ მეწინააღმდეგებით? რომელ ლოგიკას ექვემდებარება?", - მიმართა პროკურორს ჩაჩუამ.