სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე დაბა ბაკურიანის რწმუნებული დააკავა

1-Anti-samart-2საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული დავით გიორგაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით გიორგაძემ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფთან ერთად, თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, დაბა ბაკურიანში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებულ მიწაზე კომერციული ფართის ნებართვის გარეშე აშენების სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 3000 აშშ დოლარი.

სამართალდამცველებმა დავით გიორგაძე ბრალდებულის სახით 24 ნოემბერს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას ქრთამის სახით აღებულ ფულთან ერთად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდითა და სამი ვაზნით, რომელიც გიორგაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და უკანონოდ ატარებდა.