სამართალი
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მ. სააკაშვილს ა. გირგვლიანის საქმეზე ბრალი წარედგინა

sam-1საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების შესახებ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოსთვის მიცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ საქმე გვაქვს სისტემურ დანაშაულთან (დაწვრილებით იხ ბმულზე).

კერძოდ, ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დაფარვა, გამოძიების გაყალბება, დანაშაულში ჩართული მაღალი თანამდებობის პირებისთვის ხელის დაფარება და მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება განხორციელდა სახელმწიფო უწყებების და მათი ხელმძღვანელი პირების: შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დავით ახალაიას, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავჯდომარის ბაჩანა ახალაიას, გენერალური პროკურატურის და საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კოორდინირებული და ურთიერთშეთანხმებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად.