ძირითად შიდა სამხედრო საფრთხეების ნაწილში გაჩნდა პუნქტი „საინფორმაციო ზეგავლენა მოსახლეობაზე, პირველ რიგში ქვეყნის ახალგაზრდა მოქალაქეებზე, რომლის მიზანიც სამშობლოს დაცვის სფეროში ისტორიული, სულიერი და პატრიოტული ტრადიციების ამოძირკვაა“.
რუსეთის სამხედრო დოქტრინის ახალ რედაქციაში გაჩნდა ცნება „არაბირთვული შეკავება“. რფ-ის უშიშროების საბჭოს საიტზე განთავსებული ცნობის თანახმად, არაბირთვული შეკავების ცნებაში იგულისხმება ზოგადი დანიშნულების ძალების საბრძოლო მზაობის მაღალი ხარისხის შენარჩუნება.
როგორც დოქტრინის ძველ ვარიანტში, ახალ რედაქციაშიც აღნიშნულია, რომ „რფ უფლებას იტოვებს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი მისი და (ან) მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენების საპასუხოდ, ასევე, რფ-ის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, როცა საფრთხის ქვეშ დგება თავად სახელმწიფოს არსებობა“. ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი, აღნიშნავს „ინტერფაქსი“.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო დოქტრინის პრინციპულად თავდაცვითი ხასიათი უცვლელი დარჩა ამ დოკუმენტის ახალ რედაქციაშიც. თუმცა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი თავის უსაფრთხოებას „თანმიმდევრულად და ხისტად“ დაიცავს.