საზოგადოება
სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მოქალაქის მიმართ პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით მიმართავს

sazog-2საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას თავად სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

"მოქალაქე ..– განმარტებით, იგი 2014 წლის 1 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს, გადაიყვანეს გლდანის პოლიციის პირველ განყოფილებაში, სადაც სკამზე ხელბორკილებით მიაბეს და ცემეს. შსს თბილისისა და მცხეთამთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმის და სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაკავებულს აღენიშნებოდა დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის იმავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ გამოძიების წარმოება ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს და მიზანშეწონილად მიაჩნია გამოძიება საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს", - ნათქვამია, კერძოდ, სახალხო დამცველის განცხადებაში.