პოლიტიკა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიგრაციისა და ფულადი გზავნილების დეპარტამენტის დირექტორს, დილიფ რათჰას შეხვდა

polit-2საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. შეხვედრისას  გელა დუმბაძემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის ფულად გზავნილებზე, დიასპორულ ბონდებზე, დიასპორული ინვესტიციების წახალისების გზებზე და მექანიზმებზე, სამშობლოში დიასპორის ინტელექტუალურ ტრანსფერზე.
სახელმწიფო მინისტრმა ასევე, შეხვედრა გამართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ხელმძღვანელის თანაშემწესთან, ჯონათან კათზსთან. გელა დუმბაძემ ჯონათან კათზს გააცნო  დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მიმართულებები, რომელიც ამ ორ უწყებას შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე  ვითარდება, განსაკუთრებით, სამშობლოში დიასპორული მეწარმეობის  ხელშეწყობის მიზნით.

სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში გამართულ "გლობალურ დიასპულ კვირეულზე" და ამა წლის მაისში დაგეგმილ "პირველ პროფესიულ დიასპორულ ფორუმზე". შეხვედრისას საუბარი შეეხო ამერიკაში არსებული  ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმატებით ფუნქციონირებისა და გაძლიერებისათვის შესაძლო გზებს, მათ ჩართულობას სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში, დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში კონსულტაციებს.