სამართალი
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ “ნაციონალურ მოძრაობას“!

samart-1საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. პოლიტიკური პარტია „ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„მაშინ, როდესაც აჭარის კონსტიტუცია ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ  11 ხმით აირჩევა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის უხეში დარღვევით, 8 ხმით აღნიშნულ თანამდებობაზე არჩეულად გამოაცხადეს თავიანთი თანაგუნდელი ჯემალ ფუტკარაძე. აღნიშნული აქტით ჯემალ ფუტკარაძემ, მედეა ვასაძემ და მურმან დუმბაძემ კიდევ ერთხელ განახორციელეს თვითლუსტრაცია და დაადასტურეს, რომ ისინი მთელი შეგნებით იზიარებენ იმ ღირებულებებს, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში „ნაციონალური მოძრაობა“ განასახიერებს.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს გულისტკივილს იმის გამო, რომ დუმბაძე, ფუტკარაძე და ვასაძე წავიდნენ მძიმე კომპრომისზე საკუთარი ღირსებისა და სინდისის წინაშე და შეერწყნენ ნაციონალურ მოძრაობას. გვსურს, მტკიცედ განვაცხადოთ, რომ არავის და მითუმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ საშუალებას, იმოქმედონ კანონის წინააღმდეგ”.