აქტუალური
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო

inga-aqtual-1საქართველო, 2 აპრილი, საქინფორმი. ქარტიას ფიზიკურმა პირმა ხათუნა ჩარკვიანმა მიმართა, რომელიც, ამავდროულად, ქართული ოცნების პრესმდივანია. განმცხადებლის აზრით, წამყვანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გაკეთებული განცხადებებით ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია. ინფორმაცია განხილვის თარიღის, დროისა და ადგილის შესახებ გამოქვეყნდება ქარტიის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას მიერ, 20 მარტის ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოუწოდა ტელეჟურნალისტის განცხადებით დაინტერესებულიყვნენ. “21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა “რეაქციაში” ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა “რეაქციის” ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე გააიგივა 2006 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” გამოცხადებულ ბოიკოტთან. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.