სამართალი
ეკატერინე ჩერქეზიშვილი: პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირები დაშლის პირასაა

profkavsh-logo„გაყალბებული არჩევნების შემდეგ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს დაშლის რეალური საფრთხე ემუქრება,“ - აცხადებს ამავე ორგანიზაციის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ეკატერინე ჩერქეზიშვილი. მისი თქმით, ორგანიზაციის ერთპიროვნული მმართველი ირაკლი პეტრიაშვილია, რომელიც თავისი ფავორიტის - მაია კობახიძის ხელით მართავს პედაგოგთა პროფკავშირებს. ამასთან, პეტრიაშვილის ინტერესს მისივე მოადგილეები - ლავრენტი ალანია და ეთერ მათურელი იცავენ.
ეკატერინე ჩერქეზიშვილი მაია კობახიძეს თანამშრომელთა სუბიექტური მოსაზრებით დათხოვნაშიც ადანაშაულებს. „პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების ე.წ. პრეზიდენტი მაია კობახიძე უკანონობისა და სიყალბის დანერგვას წარმატებით ახერხებს. მან ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა ერთი ნაწილი სუბიექტური მოსაზრებით ცილისმწამებლური ბრალდებებით დაითხოვა. თუმცა ოფიციალურ ბრძანებაში შრომის კოდექსის „ავადსახსენებელი“ 37-ე მუხლი მიუთითა,“ - განაცხადა ეკატერინე ჩერქეზიშვილმა საქინფორმთან საუბრისას.
შეგახსენებთ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტად მაია კობახიძის არჩევას პედაგოგთა უმრავლესობა აპროტესტებს და მას გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის - ირაკლი პეტრიაშვილის ფავორიტად მოიხსენიებს.