სამართალი
შსს-მ ყველა აფეთქების საქმე გახსნა

6-1როგორც დღეს ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბოლო დროს თბილისში მომხდარი აფეთქებების ორგანიზატორები დააკავა.
ზღულაძის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად 4 დეკემბერს დააკავეს გოგიტა არქანია, ჯონი აბულაძე, მარიამ ნიკოლავა, გოჩა ხურცილავა, გოდერძი არქანია და ლელა ხურცილავა. თანამონაწილეთაგან ორნი (მათ შორის აფეთქებების ერთ-ერთი მონაწილე მერაბ ყოლბაია, იგივე კოჭოია) ამჟამად აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან, ამიტომ მათი დაკავება ვერ მოხერხდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, გოგიტა არქანია მერაბ ყოლბაიამ, რომელიც მისი ბავშვობის მეგობარია, რუსეთის თავდაცვის თანამშრომელ ევგენია (ჟენია) ბორისოვთან დააკავშირა. გამოძიების ინფორმაციით, ბორისოვი უშუალოდ ხელმძღვანელობდა აფეთქებების დაგეგმვას.
როგორც დაკავებული გოგიტა არქანია ჩვენებაში აღნიშნავს, მას დაუკავშირდა მერაბ ყოლბაია, რომელმაც უთხრა, რომ მის ოჯახის წევრებს გალში პრობლემები შეექმნებოდა, თუ ის ბორისოვის მითითებებს არ შეასრულებდა.
გარდა ამერიკის საელჩოსთან მომხდარი აფეთქებისა, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან ასევე ბოლო დროს თბილისში მომხდარ აფეთქებებში. მათ ბრალად ედებათ ვაგზლის ტერიტორიაზე, მუხიანში და ჯავახიშვილის ქუჩაზე ლეიბორისტული პარტიის ოფისთან მომხდარ აფეთქებებში მონაწილეობა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვრცელ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ და სად ინახავდნენ დაკავებულები ასაფეთქებელ საშუალებებს და რა დავალებებს იღებდნენ ისინი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლისგან. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა რომ მობილურის ნომერი, საიდანაც ბორისოვი დაკავებულებს ეკონტაქტებოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კორპორატიული ნომერია.