აქტუალური
„რუსეთი და თურქეთი თუ არ მორიგდა, ყველა შეიძლება დაზარალდეს“ - აბაშიძე

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. “რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რკინიგზის ახალ ხაზთან დაკავშირებით რუსეთ-ჩინეთს შორის შეთანხმების შესახებ, გადამოწმებას საჭიროებს. ჩვენი შესაბამისი უწყებები საგნობრივად შეისწავლიან და ნახავენ, როგორია რეალობა. საქართველოს ჩინეთთან კარგი ურთიერთობები აქვს და ეს ქვეყანა ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს”, - აცხადებს ზურაბ აბაშიძე, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

მისივე თქმით, “საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და გატაცების საკითხები ჟენევის ფორმატში, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად განიხილება“. დიპლომატიური ბერკეტები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და რუსეთი ვაიძულოთ, ეს პრაქტიკა შეაჩეროს. კარასინთან შეხვედრისას იმ მოქალაქეების საკითხი განვიხილეთ, რომლებიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით იხდიან სასჯელს და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე ჩვენი მოქალაქის დაბრუნებას შევძლებთ საქართველოში”.

აბაშიძემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგება.

"ყველას იმედი გვაქვს, რომ განიმუხტება სიტუაცია და პოლიტიკოსები გონივრულად მიუდგებიან ვითარების დარეგულირებას. რადგან ყველა შეიძლება დაზარალდეს, ამან შეიძლება რეგიონში სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და არა მხოლოდ რეგიონში. ეს ორი ქვეყანა თუ არ მორიგდა, შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს", - განაცხადა აბაშიძემ.