აქტუალური
ენერგეტიკის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და ექსპერტებს მიაწოდა ინფორმაცია „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

 „რატომ ლაპარაკობთ „გაზპრომთან“, ვისი ინიციატივით, რა საგანზე ვსაუბრობთ, გვესმის თუ არა რისკები, რაც ამას თან სდევს - მუდმივად გვესმის ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ გარკვეულ ინფორმაციას გამოვიტანთ ამ დახურული შეხვედრიდან“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ.

 „მაინტერესებს, ის 10-წლიანგეგმა, რომელიც დამუშავებულია ელექტროსისტემის მიერ, როგორ, რა ვადებში და რა მეთოდებით იქნება განხორციელებული. რა იქნება ტრანზიტის ფასი და რა ფასად მოგვყიდის „გაზპრომი“ გაზს“, - აღნიშნა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა რევაზ არველაძემ.

 „გაზპრომთან“ დაკავშირებით გვინდა, გავარკვიოთ, რა ხდება, ბოლო მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობს და რამდენად ვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელიც ჯერ კიდევ აქვს ქვეყანას რეზერვში“, - განაცხადა ანალიტიკური ცენტრის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" ხელმძღვანელმა მურმან მარგველაშვილმა.