პოლიტიკა
ადამ და ევას ახალი კანონპროექტი: „ოჯახი=კაცი+ქალი“. რას გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი?

 2016 წლის 8 თებერვალს მოძრაობა „ეროვნულების“ ინიციატივით საქართველოს პარლამენტში შევიდა სამართალმცოდნე ზვიად ტომარაძის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიზანია, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.  გთავაზობთ კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შემდეგაც საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება შეუძლებელი გახდება.

 

 საქართველოს კონსტიტუციური კანონი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე (პროექტი)

 

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 36–ე მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

36–ე მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

  1. ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით მამაკაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

განმარტებითი ბარათი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებით

ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ

ა) ბ) კანონპროექტის მიღებს მიზეზი

კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების ცნების დაკონკრეტება. კერძოდ, იმაზე, რომ ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის.

ა) გ) კანონპროექტის ძირითადი არსი

მსოფლიოში მიმდინარე პორცესებს თუ დავაკვირდებით, ადვილად შევნიშნავთ, რომ ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ტენდენცია მზარდია.

სახელმწიფოს ხერხემალი ძლიერი, ტრადიციული ოჯახია. საქართველოსთვის, როგორც მცირერიცხოვანი სახელმწიფოსთვის, რომელიც უმძიმეს დემოგრაფიულ პირობებში იმყოფება, სახელმწიფოს მხრიდან ბუნებრივი ოჯახის დაცვას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.

საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთსქესიანთა ქორწინება მიუღებელია. 2012 წლის ივნისში აშშ-ს ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა (6299 რესპონდენტი), სადაც გამოკითხულთა 89% მომხრე აღმოჩნდა, რომ კონსტიტუციური ცვლილებით აკრძალულიყო ერთსქესიანთა ქორწინება.

საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების განმარტება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი, იქნება ერთგვარი პრევენცია ქვეყნის გარედან წამოსული შესაძლო რეკომენდაციისა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ.

ლატვიამ და ხორვატიამ სწორედ პრევენციის მიზნით კონსტიტუციაში დააფიქსირეს, რომ ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია.

ლატვიის სეიმმა 2005 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციაში შესწორება შეიტანა, სადაც დააფიქსირა, რომ ქორწინება არის კავშრირ მამაკაცსა და ქალს შორის.

ლატვიის კონსტიტუცია. 110 მუხლი: „სახელმწიო იცავს და მხარს უჭერს ქორწინებას, კავშირს კაცსა და ქალს შორის, ოჯახს, მშობლებისა დ აბავშვების უფლებებს. სახელმწიფო უზრუნველჰყოფს სპეციალურ მხარდაჭერას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებზე, ბავშვებზე, რომლებიც მშობლების მზრუნველობას მოკლებული არიან და ძალადობის შედეგად დაზარალებულებზე“.

ხორვატიაში 2013 წლის 1 დეკემბერს ჩატარდა რეფერენდუმი შემდეგი კითხვით - ეთანხმებით, რომ ხორვატიის კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, რის მიხედვითაც ქორწინება წარმოადგენს კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?  ხორვატიის მოსახლეობის 66,3% უპასუხა „დიახ“. 2013 წლის 9 ნოემბერს ხორვატიის პარლამენტმა რეფერენდუმის შედეგები (104 მომხრე, 13 წინააღმდეგი) კონსტიტუციაში ასახა.

 

კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტში განსახილველად რომ დარეგისტრირდეს, 76 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო. მოძრაობა „ეროვნულების“ წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტართა ხელმოწერების შეგროვებას 8 თებერვლიდან იწყეს. რომელი დეპუტატები მოაწერენ ხელს წინამდებარე კანონპროექტს და რომლები – არა, ამას ქართველის საზოგადოება „ასავალ–დასავალის“ უახლოესი ნომრებიდან და „საქინფორმის“ საიტზე გაიგებს.

საქართველოს პარლამენტის ის წევრები, რომლებიც უარს იტყვიან ზემომოყვანილი კანონპროექტის ხელმოწერაზე, თვითლუსტრაციას მოახდენენ, როგორც ერთსქესიანი ქორწინებების მომხრები, მსოფლიო გლობალიზმის აგენტები და ლგბტ–თემის მხარდამჭერები საქართველოში.