უცხოეთი
სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში გენშტაბის მეშვეობით შევა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახელის შეცვლის საკითხზე რეფერენდუმს ჩაატარებს.

 ამის შესახებ პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა პარლამეტში ხალხისადმის მიმართვაში განაცხადა. თიბილოვის თქმით, რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს მიახლოვებისა და ანტირუსული და ანტიოსური რიტორიკის გაგრძელების ფონზე, რუსეთის შემადგენლობაში შესვლა რესპუბლიკის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა.

 "მიმდინარე წელს ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ კონსულტაცია რუსულ მხარესთან რეფერენდუმის ჩატარების საკითხთან დაკავშირებით. საკითხის დელიკატურობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სირთულეები შევუქმნათ საერთაშორისო არენაზე, მიმაჩნია, რომ რეფერენდუმი განსაკუთრებული ფორმით უნდა ჩატარდეს. განიხილება ჩვენი კონსტიტუციის ტექსტში ცალკეული ნორმის შეტანა, რომელიც საშუალებას მისცემს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიმართოს რუსეთის ფედერაციას წინადადებით, რომ სამხრეთ ოსეთი ახალი სუბიექტის სახით რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს“,- აცხადებს თიბილოვი.

 ცხინვალი ახალ შეთანხმებასაც ამზადებს, რომლის თანახმადაც, სამხედრო ქვედანაყოფების ნაწილი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეუერთდეს.