უცხოეთი
იერიშები სირიაზე, რომლებშიც ჟურნალისტები დაზარალდნენ, თურქეთიდან განხორციელდა

 საქართველო, 2 მარტი, საქინფორმი. ოთხი ჟურნალისტი დაშავდა სირიაში თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

თავდასხმა ლატაკიას პროვინციაში მიმდინარე პრეს-ტურის დროს მოხდა. დაშავებულთა შორის ბულგარეთის, კანადის და ჩინეთის მოქალაქეები არიან. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც მედიის წარმომადგენლები ქალაქ იდლიბში გადაიყვანეს.

რუსული მხარის ინფორმაციით, ცეცხლი თურქეთის მხრიდან, დამას დასახლებული პუნქტიდან გახსნეს, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სირიის არმიის ინფორმაციით, ცეცხლი "ჯებჰატ ნუსრას" დაჯგუფებამ გახსნა.

ლავროვის უწყება აცხადებს, რომ პრეს-ტური იმ ქალაქებში ტარდებოდა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება უკვე ძალაში უნდა იყოს შესული. მათი ცნობით, ჟურნალისტებს დაახლოებით 8 ჭურვი ესროლეს.