სამართალი
პრემიერი კვირიკაშვილი კონგრესმენებს ედ როისსა და ელიოტ ენგელს შეხვდა

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის პოტენციალზე ისაუბრეს.

 საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

 ამერიკულმა მხარემ შეხვედრისას კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

 „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მე ვიყავი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრების მხარდამჭერი. ვთვლი, შეცდომა იყო ნატოს მხრიდან, რომ მაშინ ეს ქვეყნები ალიანსმა არ მიიღო თავის რიგებში... საბოლოოდ საქართველო მაინც გახდება ნატოს წევრი”,- განაცხადა აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.