საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ბრიფინგი

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი.
2016 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე (პრიმა) მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ქურდული სამყაროს წევრობას ან კანონიერ ქურდობას გულისხმობს.
გამოძიებას საფუძვლად დაედო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთმა წევრმა, ე.წ. კანონიერმა ქურდმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა.
3 დღის განმავლობაში უწყებამ გააზრებულად არ გააკეთა კომენტარი, რათა ხელი არ შეშლოდა საგამოძიებო მოქმედებებს. ზემოაღნიშნული პირის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით განხორციელებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას, კანონიერი ქურდობის ბრალდებით, აღნიშნული პირი დაკავებული იქნა. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია მის სახელზე გაცემული უკრაინის რესპუბლიკის პასპორტი.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პირი 2016 წლის 22 ივნისს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებას.

მედიაში და ასევე, უკრაინის შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რამდენიმე დღის წინ აღნიშნული პირის, როგორც ე.წ.კანონიერი ქურდის, უკრაინიდან საქართველოში დეპორტაცია განხორციელდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა კითხვა, თუ რატომ ვერ მოხერხდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების საფუძველზე, ქართული მხარისთვის წინასწარ ინფორმაციის მიწოდება აღნიშნული პიროვნებისა და მისი უკრაინიდან, კერძოდ, ქალაქ ოდესიდან შესაძლო დეპორტაციის შესახებ. მით უფრო, თუკი უკრაინულ მხარეს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული პირი შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი, რომლისგანაც მოსალოდნელი იყო საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნა.
გამოძიების ფარგლებში, ჩვენ უკვე ოფიციალური წერილით მივმართეთ უკრაინელ კოლეგებს და ვთხოვეთ განმარტება. კერძოდ, იყო თუ არა აღნიშნული პირის უკრაინული პასპორტი ავთენტური და თუ არა, რატომ არ მოხდა მისთვის აღნიშნული პასპორტის ჩამორთმევა.
ჩვენ ველით კოლეგებისგან პასუხს.
მანამდე კი, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ზემოაღნიშნული პირი უკვე დაკავებულია და მას 48 საათის განმავლობაში ბრალი წარედგინება.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
აქვე მსურს, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სოციალურ ქსელებში დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ჩასაფრებულის პოზიციიდან დაკვირვებას, თუ რას მოიმოქმედებს პოლიცია, ვფიქრობ, აჯობებს, რომ ყველამ მოიხადოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი და შეატყობინოს სამართალდამცავ უწყებებს შესაძლო დანაშაულის შესახებ. ჩვენ, პოლიცია, უფრო ეფექტურად, უფრო ხარისხიანად და უფრო ოპერატიულად შევძლებთ ასეთ გარემოებებზე რეაგირებას.
ეს არის დასავლური სტანდარტი, რომლისკენაც ყველა მივისწრაფვით.